შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სუიციდის აბორტი

შოთა ვეკუა 7 წლის წინ
დუნედ, ქუჩებში ვაგროვებდი მძიმე ხასიათს,
ძველი ოფიცრის ჩექმებით და პალტოს ამარა,
არ მაქვს სურვილი დაველოდო ამ ყრუ განთიადს,
რადგან სუიციდს ხიბლის სუნი ასდის ამაღამ.

შპრიცებს და აბებს ვერ ველევი სათერაპიოდ,
ვასწრებ ცხოვრებას, დროულია შენი ხსენება
და ისღა დაგვრჩა უმიზეზოდ ღამე ვათიოთ,
სანამ სხეული დაგვიტორეს ლურჯა ცხენებმა.

უკანასკნელი შემოდგომის რიგითი მეფე,
წერტილებს ვუსვამ უნიათო საქმეს ძახილით,
მე იმ ქვეყნიდან არ ვარ სადაც ძაღლები ყეფენ,
მაგრამ მერწმუნე ერთგულება ვიცი ძაღლივით.

ვმართავ მეჯლისებს. ყავახანის ყველა დახლიდან
ვუხმობ ლოთებს და არ დავეძებ მერე დანარჩენს,
ვხვდები დღითიდღე ვემსგავსები მე იმ დახლიდარს,
ვინც ჩალის ფასად ყიდის ,,ოქროს'' ოღონდ გადარჩეს.

როგორც მონბლანი შეუვალი ვდგავარ ცის კიდით,
თითქოს მოაჯირშეხიზნული ვფიქრობ ამაყად:
თუკი აქამდე დათესილის ნაშთებს ვიმკიდით
მაშინ გამოდის მეც სიცოცხლე მიჯობს ამაღამ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →