შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გაურკვევლობა

შოთა ვეკუა 7 წლის წინ
გამოგზაურებ სამყაროში, სადაც არავინ
ეძებს არაფერს, დასაკარგიც არ გვაქვს მცირედი,
მიწოდე, თუ გსურს, თვითმარქვია, გრძნობის მპარავი,
მაგრამ არასდროს არ დაკარგო ჩემი იმედი.

სანამ გავდივარ, სანამ ტვინი მიჭერს მარწუხებს,
ყოველი კარის შესასვლელთან ვტოვებ გასაღებს,
ყველა კითხვაზე გულახდილად გაგცემ პასუხებს,
ოღონდ ნუ მკითხავ თავს პოეტად რატომ ვასაღებ.

თრობაშეჩვეულს უფრო მხიბლავს ტვინთან დამბაჩა,
სანამ სასხლეტი თითთან შექმნის დუეტს ვნებიანს,
გაგიმეორებ იმედები კი არ გადარჩა,
ამ სამყაროში იმედები აღარ კვდებიან.

იისფერ ხედებს თავხედურად ვითვისებ ჩემად,
თავს ვართმევ ალბათ დაკისრებულ ხვედრს და მისიებს,
წარბშემართული ვიტყვი ახლა მოსილი კდემად,
რომ ამ სამყაროს ბოლო მეფე მე ვარ მისიე.

ქანცგაცლილ დღეებს ვიგერიებ ელეგანტური
იერითა და შემართებით ვწერ ამ სტრიქონებს,
არ ვიცი დღემდე, ვარ თუ არა რელევანტური,
იქნებ ოდესღაც მეც ლექსივით გამომიგონეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →