შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მუხბე

დრო არის თოვის და სუსხის.
ქარები ხევამდე ჩავლენ.
დარდი მოიშორე, მუხბე..
დარდი - სანიაღვრე, სამგლე.

გზებია უცხო და უნდო.
ბუდობენ ეჭვები ავდრის.
წარსულში ნასროლი გუნდა.
სევდა და ტკივილი მახვშის.

სადღაც, შორს, ჭაღარა მთები.
თოვლი და სარკმელზე ჭირხლი
დადნება. დნებოდა. დნება..
ფიქრი კი, დაქცეულ ჭერს ხდის.

ნაძვებმა დახარეს მხრები.
იხდიან ჩამომხმარ წიწვებს.
დღეს, ქარის სწორფერი ხდები,
დღეს, პირჯვარს უკუღმა იწერ.

დეკემბრის ბაღებში ხმება
ჭადრები. უკრავენ ვაგნერს.
დარდი მოიშორე, მუხბე.
დარდი - სანიაღვრე, სამგლე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →