შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

რა იციან

წვიმის მიწისადმი ამბორია
ჩუმად შემჩნეული პატიება.
ზეცა გადასერონ არ მგონია
ელვის მოყვითალო არწივებმა.
ქარის ნაბიჯები ამჩნევია
ფოთოლ-ფოთოლ მორთულ ტროტუარებს.
არა საყვედური არ მჩვევია.
მზიან დღეებს თუ ვერ მოუარე.
სთვლემენ ბეღურები აივნებზე.
ჩუმად იღიმიან მოხუცები.
ნეტავ, ჩემს ნაამბობს გაიგებდე.
სიზმრებს ნაკადულს რომ მოვუყვები.
მთვარემ დასავლეთით გაიწია.
სადღაც უჩვეულოდ ჩამოთოვა.
ციცქნა ფანტელებმა რა იციან,
როგორ ხდება ფეხზე წამოდგომა.
სიცივეა. სევდის ქარიშხლები
ღამის უბეებში მრავლდებიან
და უბრალო ლექსით განიშნებდი,
რომ მე საყვედური არ მჩვევია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →