შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

უმისამართო წერილი

"ყველაფერი რომ მოვყვე,უძველესი ფრესკის მსგავსად გადავიფხიკები .

ხანდახან მინდება ყველაფერი ვთქვა,რაც სათქმელად დამიგროვდა ამ მსხვრევად მიწიერ ჭურჭელში,სხეული რომ ჰქვია და პირამიდის წვეროზე განთავსებულ ბრილიანტივით იტევს ჩემს უკვდავ სულს,ზეცა რომ ძალიან მონატრებია და კანში ვეღარ ეტევა .

მეშინია,ეს ჩემი არსება ვულკანივით არ ამოიფრქვას ერთ მშვენიერ დღეს და პირველკლასელის ცარცის ნახატივით არ მიმოიფანტოს ამ ცხოვრების დაფაზე,ისე რომ კაცის შვილმაც ვერ დალანდოს გენიალურობა სიმარტივეში .

"სიცოცხლეშივე ახვალ ზეცადო" - დიდმა მამამ მითხრა და უფალთან დაბრუნების ბედნიერებისგან ჩემი სამშვინველის რაღაც ნაწილმა ხტუნვა დაიწყო ადგილზევე . მგონი ეხლაც დახტის,ამას რომ ვწერ .

მდუმარების არაფერი გამეგებოდა და არც გამომდიოდა არასდროს,სამაგიეროდ ისეთი მდუმარე ვარ,არავის რომ არაფერი გაეგება შენი და მიგდებული რომ ხარ მთლიანად იმათგან,ვისკენაც მთლიანად ხარ .

ასეთ მდუმარებაში კი უცნაური ზოლი იჭრება ჩემში,შუაზე მყოფს და ერთი ნაწილით საკუთარ ცოდვილობას ვაკვირდები,ხოლო მეორეთი ჩემში სიწმიდის ისეთ ცეცხლს,ვნებებით რომ აკავებს დრომდე საღმრთო განგებულება .

ის მკარნახობს : "შენი ცოდვილობა პირობითია,გამყარდი" - სვეტი გახდი .
რთულია საკუთარ ორგანიზმში სისხლის უჯრედების გარდა კიდევ გრძნობდე რაღაცას ; გენეტიკური კოდის ხიდით რომ ჩამოუშვეს წინაპრებმა შენში და ვერავის რომ ვერ აუხსნი . შეიძლება ამას სულიწმიდის მადლი ეწოდება,უკიდეგანო სიღრმეში რომ ჩამარხულა შენი პიროვნების და დიდი იოანე ოლარიც რომ მიემთხვია თურმე ყოვლადწმიდა სამების სახელით აუარება ხალხში .

სტიქიაზე მდუმარე არაფერია და არც მასზე ხმაურიანი და საშიში .

რთულია იყო სტიქიური ადამიანი .

ბედნიერებაც . gracias . "

18.03.2023
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →