შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

რეკვიემი ფოთოლცვენისთვის

ისევ დაიწყო ფოთოლცვენა.
ისევ დაბერდნენ ყვავილები.
ქარმა სულები ჩაგვილეწა
(ქარები სულებს აკივლებენ).

მე – შემოდგომის მეინახე,
შენ – ყოჩივარდი უხერხემლო.
მე, ყვავილები შეგინახე,
შენ, ფერი გადევს უხერხული,

როგორც წალეკილ ღრუბლის ვარდებს,
როგორც დაკოდილ კამელიას.
შენთვის ტყეები გადავმალე,
მზის სხივები რომ დამელია.

ხეებს, ქარისგან დანატორებს,
კაბა ჩავაცვი საფერხულო.
მინდა ენძელას გავუტოლდე,
რომ დაგიკოცნო ნაფეხური,

რომ არ დაიწყოს ფოთოლცვენა,
რომ არ დაბერდნენ ყვავილები.
ქარმა სულები ჩაგვილეწა.
ქარები სულებს აკივლებენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →