შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მშრალი დღეები უწყლოობით იძირებიან

დათო ლომაია 11 წლის წინ
მშრალი დღეები უწყლოობით იძირებიან,
შენს სიხშირეზე ვეღარ სუნთქავს ჩემი რადიო,
დღეს ვარსკვლავების ნაცვლად ცაზე წიწილებია
და სული ჩემი მინდა მათ წინ მიმოვაბნიო.

ცხელა სოფელში და ბალახი ღელავს უქაროდ,
ლოყები თიხის ქოთნებივით ირუჯებიან,
ვერ წარმოიდგენ ახლა როგორ მტკივა, უფალო,
ღრუბლების ზურგზე დარჩენილი სილურჯეები.

აკურთხე ყველა ცრემლიანი პურის ნატეხი,
ნუ დააყოვნებ გულმშიერი კაცის წინაშე,
რადგანაც ახლა წვიმის წვეთში უფრო მეტი ხარ
ვიდრე მწვერვალზე აშენებულ ეკლესიაში.

მიწაზე ცივი, დაკბენილი მკვეთრი სუნია
თვალუხლებელად დაშვებული სველი ფარდების,
ჩემთვის საწყისი თითქოს უკვე დასასრულია,
შენ კი იქა ხარ დასაწყისი, სადაც მთავრდები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →