შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

როგორც არ უნდა მოინდომო ..

თეა თოფურია 10 წლის წინ
როგორც არ უნდა მოინდომო, მაინც ძნელია,
დარჩე ზუსტად იმდენი, კონკრეტულ საგნებს ეყო.
ზამთრის მოკლე დღეც ვერ ვიცხოვრე ისე,
მხოლოდ საქმის ვყოფილიყავი.
ყოველ ჯერზე ძველი მაისურივით იწელება ფიქრი,
იქ გაშიშვლებს, სადაც გრცხვენია
და იმას ფარავს, რაც არავის აინტერესებს.
ეს ღრუბელი თვითმფრინავის ზოლზე,
როგორც თოკებზე გაწოლილი თეთრი კატა,
ეს მდინარე – ისეთი მდორე, ხანდახან წყალი აღმა მიდის
და ათასი სხვა სისულელე,
ერთ ღიმილსაც კი ვერ ეყო,
ისე იკარგება, როგორც სითბო უკარო სახლში,
სადაც ყველა, ვინც დიდები ვართ,
ვინც, ჩუტყვავილა, წითურა და სიყვარული გადავიტანეთ,
ყინვაში ვდგავართ
და ადგილზე ვხტივართ გადასარჩენად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →