შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მოვკვდები, კი-აბა..

მოვკვდები, კი _ აბა! _
მეტი საქმე არ მაქვს!
ამ ცას მივატოვებ,
ჩემს თბილისს და არმაზს!

უცაბედი იცის
თუმც ოხერმა სარმა _
სვეტიცხოვლის პატრონს
შიში მაინც არ მაქვს!

მთლად საჩემო ღიამ _
თვით ედემის კარმა _
იჭრიალოს ჩემთვის! _
მე-ტი სა-ქმე არ მაქვს!

მეც ვაბრუნო ბელტი _
ტანმორჩილმა ხარმა,
და სიკეთე ვთესო _
მე სხვა საქმე არ მაქვს!

სიცოცხლისთვის ბეჯითს
და სიკვდილში ზარმაცს _
არ მგონია მიხმოს
განშორების ზარმა!

მოვკვდები! _ კი-აბა! _
მეტი საქმე არ მაქვს!
ამ ცას მივატოვებ,
სამთავროს და არმაზს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →