შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

არის სიყრმეს და სიმწიფეს შორის

არის სიყრმეს და სიმწიფეს შორის
შესვენების თუ სიმორცხვის ჟამი,
ფრთამოტეხილი შეგრჩება ქორი,
ჯამში დაშრება სპეტაკი შხამი.

ეს ჟამი დადგა, დავეჭვდი, ძმანნო!
გამხდარ თითებში მიქრება ალი.
პირველი ცეცხლის დახარჯვას ვნანობ.
როგორ ავანთო ფურცელზე ბწკარი!

სულის თვისება: ჭმუნვა და ცრემლი,
როგორ ვამგვანო აპრილის კოკორს
ანუ ოსტატის მაცდური ხელი
აღსარებისთვის აღვმართო როგორ!

ფრთები მოტყდა თუ მიკვდება ქორი,
ოჯახში ბუხარს მივეკრა ლამის.
არის სიყრმის და სიმწიფეს შორის
სინანულის თუ სიმორცხვის ჟამი!

ეს ჟამი განვვლე, დავკარგე ფერი,
ველი დაჭკნა და ბაღშიაც მოთოვს.
მინდა მიწაზე ცხოვრება ჩემი,
ჰგავდეს ქარიშხალს და არა ფოთოლს.

ჩემო მამულო, მაჩუქე ნამი,
გამივარჯიშე მარჯვენა მალე!
მტირალი მოველ მიწაზე ღამით,
უკან სიმღერით მიმიღოს ღამემ.

შემომაშველე ზაფხულის თქორი
გუმანისიჭვით ამოვშრე ლამის.
არის სიყრმის და სიმწიფის შორის
შესვენების და სიმორცხვის ჟამი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →