შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ვინ გაბედავს

ვინ გაბედავს, რომ დღეს ჩემთვის
თუნდაც სიტყვით გადაღობოს
ერთი ეზო, ერთი ყანა,
სალხინო და სალაღობო.

როცა მტერი სამშობლოზე
მოდიოდა გადარევით,
ჭოროხისპირს დაცემულა
გურულიც და აჭარელიც.

ვინ ეძებდა _ საიდან ხარ:
ტყვია როდი გვანსხვავებდა,
ჩვენს მიწაზე ჩვენი სისხლი
ბრიალებდა ვარსკვლავებად.

ჩემი კარგი წინაპარი,
რვალივით რომ გაიჭედა,
ცხელი გულით აიმართა
საქართველოს კარიბჭედა.

ქოხი დასწვეს აჭარაში
და იმ დამწვარ ქოხში არი
ძველისძველი მისი ძვლები,
მისი სისხლის ოხშივარი.
ზოგი ხმალში დაიხოცა
მკერდზე მკერდის დაფარებით,
მიწას, როგორც ძუძუები,
დასტყობია საფლავები.

დახეული ჩვენი მიწა,
მათი ძარღვით შეიკერა,
ამიტომაც ერთი არის
დღეს ჩემი და შენი კერა.

მამულო და დედულეთო,
დედავ _ მიწავ სალოცავო,
ჩემი გული, როგორც თასი,
შენთვის უნდა გამოვცალო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →