შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სიყვარულის მდინარე

ოთარ ჭილაძე 11 წლის წინ
აღარ დამაცდის, მოვითქვა სული
ან მოვიმაგრო ფეხი მიწაზე
და ვიდრე პეშვით მოვიკლავ წყურვილს,
ამატივტივებს და გამიტაცებს.

დამედევნება წივილით ქარი,
გამებლანდება ფეხებში ჩქერი,
დამეკარგება ფიქრი და კვალი,
ამიჭრელდება თვალი და ჭერი.

ბოლოს თევზივით შევრჩები რიყეს,
დალეწილი და დაღლილი ძლიერ,
თითქოს მშფოთვარე სიზმარი იყო
და აუხდენელ ოცნებას ვსდიე...

და აი, ბოლოს რიყეზე დავრჩი
და ვგრძნობ როგორი უმწეო ვიყავ,
როგორც ქალაქში სოფლელი ბავშვი,
როგორც მძერწავის თითებში თიხა.

მაგრამ ამ ქროლვას დღემდე ვიგონებ,
ქვის მოთმინებით ვიცდი და ვიცი,
რომ თუკი ისევ ჩამოიქროლებს,
მეც ერთი ტალღა გავხდები მისი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →