შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

საღამო

ოთარ ჭილაძე 11 წლის წინ
გზააბნეული წივწივებს ჩიტი,
თითქოს ერთ კლავიშს აწვალებს თითი,
თითქოს ჩიტისთვის უძვირფასესი
ვიღაც თუ რაღაც მთავრდება, მიდის...
თრთის მაგიდაზე თეთრი ფურცელი,
როგორც ფეხმძიმე ქალის მუცელი,
სიცოცხლესავით სუფთა და სადა,
დაუპყრობელი და დაუცველი.
ისევ ეცვლება საგნებს იერი,
თუმცა უძრავნი და თვინიერნი,
კვლავ პასუხობენ დუმილს-დუმილით,
სიცარიელეს-სიცარიელით.
და როგორც რამე გრძნობა პირადი,
ნელ-ნელა ქრება მზის ათინათი.
და ყველაფერი ივსება უცებ,
ბინდით კი არა, მწვანე სინათლით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →