შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

თუშური ყველი

ოთარ ჭილაძე 11 წლის წინ
ათასში ერთხელ, ისიც შემთხვევით,
ჯდებოდა ხოლმე მხდალი კალია
მის წვრილ კისერზე,
ან ნამის მძიმე წვეთი ეკიდა
ყალბი მძივივით.

მერე რძედ იქცა ცხვრის ძუძუებში
და რწევა-რწევით წაიღო ცხვარმა
ფარეხისაკენ.

ვერც კი მოასწრო დამახსოვრება
მწვანე წარსულის,
ვერც მოქანავე სახლში ცხოვრებას
ვერ შეეჩვია
და სანამ რამეს მოიფიქრებდა,
გადაასახლეს სპილენძის ქვაბში.

თავბრუ დაესხა ქვაბში ტრიალით
და, სამუდამოდ გაოგნებული,
თეთრ ბურთად იქცა.
მაგრამ მაშინვე გუდაში ჩასვეს,
რომ სიბნელეში დავიწყებოდა
ცა და მინდვრები.

ახლა კი, დანით ორად გაჭრილი,
გაოცებული დიდი თვალებით
გვიყურებს ჩუმად და უპეებში
ერბო უბრწყინავს სიმწრის ცრემლივით.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12529

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →