შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ჩვენ ვშლით ნაკვალევს ..

ოთარ ჭილაძე 11 წლის წინ
ჩვენ ვშლით ნაკვალევს, რომელსაც ვტოვებთ,
რომელიც მაინც გვრჩება ორივეს,
მაგრამ ოდესმე გადნება თოვლი,
გადივლის ქარიც და გვიპოვიან...

და კვლავ გაწყდება ჩვენს შორის სიტყვა,
ვერ დაგვიდგება ვერც ერთს თავდებად,
ქარს მიაწერენ, რაც ქარში ითქვა,
რაც თოვლში მოხდა – თოვლს დაბრალდება.

და ჩვენი გულის გამგლეჯი ძალა
სიმარტოვესაც მიგვაჩვევს უცებ –
თითებში ჩამჩრის ჟანგიან კალამს
და წინ გაძენძილს დამიდებს ფურცელს.

გარდაიქმნება ქვეყანა უმალ,
ისიც ჩვენსავით გარდაიქმნება:
„ჩაკვდება ერთი სურვილი ჩუმად –
ერთი სიმღერით მეტი იქნება!“
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →