შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მე ჩემს საყვარელ სიზმრებად ვთვლიდი ..

ოთარ ჭილაძე 11 წლის წინ
მე ჩემს საყვარელ სიზმრებად ვთვლიდი
ცაში თანდათან გამქრალ მავთულებს,
გადაქანებულ სვეტებს და ხიდებს,
ნათურებს მკრთალებს და გაფანტულებს.
დღეს კი იფეთქებს შენი სახელი.
მე დილიდანვე ვგრძნობ და მოველი,
როდის იფეთქებს შენი სახელი,
ძლივს მიგნებული და მოგროვილი.
მე მის ნამტვრევებს ავკრიფავ ქარში
და მტვერს და მიწას გადავაშორებ
და დავურიგებ მეზობელ ბავშვებს,
როგორც ბრჭყვიალა სათამაშოებს.
დაიტაცებენ ბავშვები უცებ,
ყაჩაღებივით დაიტაცებენ
და ქარზე უმალ მოსდებენ ქუჩებს
ჩემს ძველ ტკივილებს და აღტაცებებს.
ბნელში იცინის კიოსკის მინა.
ირხევა ტოტი და ტოტის ჩრდილი.
ქალაქს კი სძინავს, სძინავს და ბრწყინავს
მთლად გაჟღენთილი წვიმით და ძილით.
და მავთულებზე შერჩენილ წვეთებს
აღარაფერი აღარ აშინებთ.
მე ვაღებ კარებს და ისევ ვკეტავ
და მერე ისევ ვაღებ მაშინვე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →