შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბრმა სტუმრის ლექსი

გტკივა. აგდიხარ. ჰაშიშივით ღამეს ეწევი.
გეწევა ფიქრი-მტარვალი და გშუბავს ქვეშ ბეჭის_
მარცხენა... ნატრობ: ბრმა სტუმარი როდის გეწვევა,
რომ ღამის ქარებს გაატანო ყველა ის ეჭვი,

რომელიც ქვა-გულს, არითმიულს, მატლივით გიჭამს;
ყველა ის ქალი, შენი თიხით მოზილეს ვინც კი...
ჩამოგიშენეს ზეხმელ გულზე დარდები_ ფიჭა,
აგათალეს და გამოხადეს ნაღველი_ ვისკი.

ლოთობენ ახლა. მწვანე ჭალებს აცმევენ ქილიკს,
ცდილობენ, თავის კვარცხლბეკები მაღლობზე ადგან.
მწიკვ თანაგრძნობას ვეღარ ითხოვ, ტერენტის ბილიკს
ხმელი ფოთლები მიახვეტეს შენს თვალწინ რადგან.

ჰოდა, აგდიხარ. ჰაშიშივით ღამეს ეწევი.
ოცნებობ აღარ, აღარც ფიქრობ, უბრალოდ_ ელი;
ელი უბრალოდ: ბრმა სტუმარი როდის გეწვევა,
რომ ბალახივით გამოგისვას ნანატრი ცელი...
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=31059

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →