შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შემოდგომის ნოსტალგია

მერცხლები გაფრენილან რა ხანია,
ხეები ფერ-უმარილს ბავშვებივით
ყველგან ითხიპნიან... ხარხარია.
ოქტომბერს წუთები აქვს დარჩენილი.

ღრუბლები ფეხმძიმე ქალებია-
დადიან, წვიმებს ძლივს იკავებენ
ღიმილივით. რა ხმაა? ქარებია,
თუ ხმელი ფოთლები კინკლაობენ.

მთვარე- გატეხილი ფანარი და
(ლექსი მივუსიე დაგეშილი)
მეზობლის კარღია მარანიდან
სარ-სარ მოუყვება გალეშილი.

აქ არ მოიტეხოს კისერი და...
ბავშვები კვახებით ჯილდაობენ.
ქარების დოღია იმ სერიდან,
აქ კაკლის ჩრდილები ჭიდაობენ.

ნელ ცეცხლზე თათარას ჩასთვლემია,
ფშვინავს და დედის ხელს იგერიებს.
რა ვოლტი?! სულ თაფლის სანთლებია,
ჩუ! მამა კითხულობს "...ივერიელს".

სხვენზე ტაროების ხარხარია,
მთვარე გაპარულა შერცხვენილი.
მერცხლები გაფრენილან რა ხანია...
დღეებიც გაფრენილან მერცხლებივით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →