შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

უაზროა, ვიცი, ჩემი კითხვები ..

უაზროა, ვიცი, ჩემი კითხვები.
უაზრო ვარ თვითონ.
მაპატიე, ჩემს ბედში რომ ითხვრები,
სხვისი ბედის ხვითოვ.

ვდგავარ ბაღში, სადაც ორი სკამია,
და საკუთარ ჩონჩხს ვგრძნობ - სიკვდილს ბაღის.
ბაღი ხუჭავს შიშჩამდგარ და ნამიან
თვალებს თვისას. მე კი ვკუმავ ბაგეს.
...ის დღე მოვა, ის უხანო სამოთხე,
ვნებით - სისხლის ქაფით,
და შუქიდან იმგვარადვე ამოხეთქ,
როგორც ეტნა ღამით.

როგორც კიბოს წამლის აღმოჩენისას
საუკუნის შეძახილი: „ევრიკა!".
როგორც ელვა-მოგონება ფრენისა
გართხმულ ტვინში, რომლისთვისაც ბევრი ხარ.

როგორც ქარის ამოვარდნა პირველი
სულ-სულ პირველ მარტში.
როგორც ბოლოს აღმომხდარი ყვირილი
ვერგაძლებით: დარჩი!

მერე ოთხზე დავდივარ და ნამტვრევებს
ვკრეფ იმ დღისას. მყოფი ბედში ვიწროდ
დღესასწაულს ხვნეშა-ოხვრით ამთავრებს,
ღამეულო ამღერებავ სხვისო.

2001/2006
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →