შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ცისფერყანწელებს

ლია სტურუა 11 წლის წინ
სულ ცოტა ხანი დაგაცადათ ავმა განგებამ,
ყოფილიყავით პოეტები, ნატიფი, ყოვლად,
სისხლად გადინეს სარკეებში მოსული თოვლი,
და გულზე თეთრად დაქარგული ფარშავანგები...
ტკბილი იყო და მატყუარა მურაბის ქაფი,
პარიზის კაფე და ორპირის ლურჯი ციება,
თავის გარშემო დაფრინავდნენ ფოთლები დაფნის,
ტოლობის ნაცვლად, ამას ვიღა გაპატიებდათ!
ჩემო ძვირფასო პოეტებო, ხელში მადნებით,
ბოლო დროს, აღარც ლექსი მინდა, აღარც გაფრენა,
ჩვენს შორის შავი ნაპრალი და უღრანი ტყეა,
დგანან დანგრეულ რუსთაველზე თქვენი ლანდები
და ამ სიცივეს, ამ ყველაფრის გაარაფრებას,
მკერდზე მიხაკი ურჩევნიათ და თავში ტყვია...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →