შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ოჯახური სონეტი

ლია სტურუა 11 წლის წინ
რას გულისხმობენ, სიცოცხლედ რომ ნათლავენ ყოფას,
კაცს მარტოხელას, თუ ოჯახურ ჯამს _ იდილიას?
საღამოს, უხვად მურაბიანს, რძესავით დილას,
რომელსაც დღე და გამთიშავი ღამე მოყვება...
ერთი მშვენდება, მეორე წუხს, ავადმყოფდება,
მესამე ტირის და დაათრევს სისხლიან ტაშტებს,
ირღვევა ჯამი, ბედნიერი, და რჩება ნაშთი,
ფრჩხილის ნახევარმთვარეებით გამოყოფილი,
გამოთიშული დარდს და წუხილს, ჭუჭყიან სარეცხს,
სქესის სიანჩხლეს, ჯერჯერობით, ვარდით დაფერილს,
სანამ მოუვლის მასაც ვნება შეკოწიწების
და დროშებივით გამოკიდებს ბავშვის საფენებს,
მაგრამ დრო მოვა, მოერევა წამალი მწარე,
შვილები წავლენ-წამოვლენ და დაივიწყებენ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →