შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნოსტალგიური სონეტი

ლია სტურუა 11 წლის წინ
რას ვინატრებდი? დაბრუნებას ოცი წლით უკან,
თავით მყინვარწვერს რომ აწყდები, ფეხებით ვაკეს,
ტკბილი რძეებით რომ არიან ძროხები მაკე,
თაფლი რომ ნიშნავს ყვავილების ყვითელ ბუტკოებს,
იქით რომ წახვალ, სადაც ქარი მიგერეკება
და უმიზეზოდ შეიყვარებ ვიღაცას ისე,
თითქოს, გაჯობა, მოგიღრიცა კისერი მზისკენ,
სულ სხვა, ახალი, გამოგიღო თავის ნეკნიდან.
ხომ ვერ იფიქრებ, ამ სიახლეს რამე თუ შეცვლის,
ფერს გაუმუქებს, ფრჩხილებივით დააძრობს ხორკლებს,
ვიღაცა მოვა და გაითბობს ხელებს იმ ცეცხლზე,
რომელიც წვავდა, ბატონობდა, ხანძარს თესავდა,
ვიღაცა მოვა და დამადებს სიმშვიდის ბორკილს
და მყუდროების სასარგებლოდ გაილექსება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →