შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გარდაცვალება

ლია სტურუა 11 წლის წინ
მოულოდნელად გამოეღვიძა:
შავ და უაზრო უკუნეთში
თეთრი პეპელა შემოიჭრა _
მუსიკის ხელი,
ჩაძირული ბატისტის რუშებში..
ცაზე გაფატრული ორღანი ეკიდა
და მარმარილოს მკვეთრი თითები
მუსიკის ნერვს აქუცმაცებდნენ,
ხოლო მაჯიდან
ბატისტის თეთრი პეპლები ცვიოდა...
თვალისმომჭრელი პეპლებისგან შედგა სინათლე,
მაგრამ ბავშვებმა,
მათთვის ჩვეული სისასტიკით,
ქინძისთავებით მიაბნიეს
პეპლები ერთმანეთს
და ტკივილმა, ტლანქმა და მძიმემ,
საგანივით ჩახია სინათლის ქსოვილი
და ფსკერზე დაეცა...
უკანასკნელი მკვეთრი აზრი აეკვიატა:
პეპელას სისხლი დააჩნდება ბატისტის დროშას,
ზუსტად ისევე, როგორც ბავშვის...
სალბუნივით გრილი იყო მუსიკის ხელი
მკვდარი პეპლების ხვერდისგან
აჭრილი დილა თენდებოდა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →