შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

იყო და არა იყო რა

აშლია სევდა ნამეხარ მუხას,
დუმილი მეფობს ნაფუძარ ქოხში,
დაუმალია უბეში უღრანს
მზე _ როგორც ციცქნა კონკიას ქოში.
აქ თურმე ღამით ტყისკაცი დადის,
ამხიარულებს ხანდახან ბუხარს,
მერე ბელებით ეწვევა დათვიც
და ავიწყდება დარდები მუხას.
გამოუვლია ლელი და შამბი,
მოუტანია მეზღაპრეს გუდა,
ასე აღმოჩნდა აქ გველეშაპი,
ნაცარქექია და წითელქუდა.
მოსულა შველი, ჯიხვი და არჩვი,
მეც საზღაპრეთის ვეძებ გასაღებს,
საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩი,
სული ზღაპარში გადავასახლე...
და დაქორწინდნენ იმ ღამეს თურმე
ღამის თევა და ციალი ცეცხლის...
და ქილა ერბო დაატყდა ურემს,
ცამ ჩამოფიფქა უღრანში ვერცხლი.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=7422

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →