შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მოკვეცა

ყველას გვაქვს ფერი ჩვენი თვალის, თმისა თუ კანის.
ყველას გვაქვს სუნი ჩვენი პურის, იფქლის თუ ჭვავის .
მოგვთხოვა მიწამ უკვდავება
მიწამ მოგვთხოვა უკვდავება
ფეტვი ფეტვისთვის აურიე
ბრინჯისთვის ბრინჯი .
დათესე. ზარდე თავთავები
გვერდიგვერდ: მიჯრით.
რამდენი დღეა მკვდრები თავის დედებზე წვანან.
შუბლშეხვეული გზები გულში იყრიან წალამს.
ერთი ნაბიჯით შემაკავე
ნაბიჯზე მიწა მომაყარე
სული ზეთისხილს მოგაგონებს
გუშინ რომ ჭამდი.
ხორბალი დილით ირჩეოდეს-
ხორბალი დღისით ირჩეოდეს
ხორბალი ჩემთვის ირჩეოდეს-
ურიე წანდილს.
ყველას გვაქვს გემო ენისწვერზე დარჩენილ კოცნის.
ყველას გვაქვს ერთხელ ხელისგულზე შემწვარი კვერცხი.
სადილში მარილს ჩავამატებ
სადილს ცრემლებით დავამლაშებ
თვალი თვალის წილ დამიხუჭე
რომ გითხრა: მწამდი.
ერთიარშინით წინ თუ უკან საფლავებს ვსაზღვრავთ.
ერთი არშინით შემოვსაზღვრავთ მშიერს და მაძღარს.
მდელოზე ყანა ბიბინებდეს
ყანაში გოგო მიდიოდეს
ფეტვი ფეტვისთვის აურიოს
ბრინჯისთვის ბრინჯი
დათესოს. ზარდოს თავთავები
გვერდიგვერდ-
მიჯრით.

მოსთხოვა მიწამ უკვდავება
მიწამ მოსთხოვა უკვდავება
და ნაწნავს იჭრის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →