შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მე დარდი მაქვს იმ უბნის

მე დარდი მაქვს იმ უბნის,
იმ ქუჩის, იმ მიწისა
შუბლი გამიფართოვდა,
როგორც ველი დიღმისა.

ვფიქრობ, მაინც ვერ მივხვდი,
სადაური წესია,
ვინც აქამდე კვნესოდა,
ისევ ისე კვნესიან.

ქათმებსა და კურდღლებსა
აჯგუფებენ ჯიშებად
ივარჯიშონ, რა მიდის
თუკი ევარჯიშებათ

ქუჩებს აფართოებენ,
ვაი ასეთ სიფართეს,
იქ ქართველებს ვერ ვხედავ,
ვხედავ უცხო სიფათებს.

საფლავიდან მკვდრებს ჰყრიან,
დაღლილებს და ნასვენებს,
დასანგრევს აშენებენ,
და ანგრევენ ნაშენებს.

ქუჩებს აფართოებენ,
ყვირიან და კივიან,
ქუჩებს აფართოებენ,
ესეც კოლექტივია?

ქუჩებს აფართოებენ,
ასწორებენ იწროებს,
ქუჩებს აფართოებენ,
სული შეავიწროეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →