შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ყივჩაღის პაემანი

<em>«...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა...»
მუხრანული</em>

ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
Laravel

კომენტარი

5
❤️
მიხეილ მშვიდობაძე პოეტი;პუბლიცისტი დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
👍
ვეფხვი ნელის მოსწავლე დონე 1 · ახალბედა 4 თვის წინ
ბრავო
ვეფხვი ნელის მოსწავლე დონე 1 · ახალბედა 4 თვის წინ
მაგარი ლექსია !!!🔥
ვეფხვი ნელის მოსწავლე დონე 1 · ახალბედა 4 თვის წინ
ეს
მაგარი
ლექსია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →