შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ორი ვედრება

I
ჩემს მამულზედ უკეთესი სად არი?
იგია თვით სამოთხისა სადარი;
მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტკბები,
უცხო-უცხო მხარეებში ვბერდები!
ოჰ, განგებავ, მისმინე ეს ვედრება:
თუ სამშობლოს ხილვა აღარ მერგება,
მომკალ ბარემ, - რაც ვიტანჯე, მაკმარე
და მკვდარს მაინც იქ მაღირსე სამარე!..

II
ჩემს სატრფოზედ უკეთესი ვინ არი?
იგია თვით ანგელოზი მცინარი;
მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტბები,
მისს ალერსსა მოკლებული ვბერდები!
ოჰ, განგებავ, მისმინე ეს ვედრება:
თუ საყვარლის ხილვა აღარ მერგება,
მომკალ ბარემ, - ტანჯვას გადამარჩინე
და მკვდარს მაინც მის ცრემლი დამადინე!..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →