შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გადავრჩი ნეტა?! ავტოპორტრეტის მონახაზი

დალის მარჯნისფერი კერტებიდან ამომყავს მთვარე,
ჯვრის ძელებს ქალღმერთის თმებით ვახვევ --
რომ მაღლა აწეულს
ტანჯვის ჟამს არ დავენაცრო მიწას...

ღამე ბნელია -- შავი გველივით,
ბეთქილის შუბზე გართხმულია სიმართლე,
ის მიფარავს დევის ტორებისგან,
ჩემს წინ რომ ისახება,
მკვეთრი ლურჯი სინათლე...

შენი გაყინული სული მახსოვს --
შიგნით ჩავიხედე.
სახვევგახდილი ჭრილობები,
სულის გავლით ნაპოვნი,
ტანჯვით ამოვიკვნესე...

ვიპოვე დრო და ფერი,
როდის გაჩნდნენ.

ბარბალეს ჭიპიდან ამოსული მზე
დაჰყვება უფერულ მთვარეს --
ძონ იენის ინი - იანს,
იუნგის ჩრდილი არაცნობიერს,
აზვირთებულ ზღვას მდინარე...

იმ ღამეს დალეწილი ძვლებიდან
ტვინივით გადმოხვედი --
სულის ნაწილი:
თეთრი კურდღელი,
შენ ვისი სული გსურს?
ქეროლის თუ
-- ჯავახიშვილის?!


დროს ხელში ვიჭერ
და აკვანში ვარწევ ჩვილივით --
გაზრდა რომ არ შეერგო.

ჩვენი გრძნობების საფლავებზე
ამოდის ქარვისფერი,
ხან ქარისფერი ნეონები...
სარკეს ვტეხ,
ცეცხლს ვუკიდებ.
რჩება სარკოფაგები,
ან ყვავილთვისებიანი სარკომები --
ჩვენი სიკვდილის შემდეგ,
სხვის სხეულში რომ აგრძელებს სიცოცხლეს...

ახლა შენ მდევ, როგორც ქარი --
მე კი გდევნი, როგორც მდევარს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →