შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

გვირაბის ბოლოს თუ დგას ნათელი

გვირაბის ბოლოს თუ დგას ნათელი,
იმ ნათელს ღმერთი ჰქვია უცილოდ...
სჩანს, ბევრი ღამე თეთრად ათენე,
თეთრად აღამე მწუხრი უძირო...…
ახლის გაჩენა უფლის წესია,
რითაც საზრდოობს დღეთა დინება
და ყოველ მრწამსზე უმტკიცესია
მისი გაფურჩქვნა და გაბრწყინება.
უმთავრესია გერქვას სახელი:
პირველი _ სიყრმის,
მეორე _ საქმით
უსასტიკესად ნაჯაფ-გახედნილ
ქვეშევრდომს რასაც ცხოვრება გარქმევს.
სულაც რომ თავთან დარჩე ეული,
არ შეეპუო ბედთან კორიდას,
გზა ჭეშმარიტი და ღირსეული
გამოარჩიო უნდა ორიდან...
და ვით თემისის მკაცრი სასწორი,
ვით შაითანთა მაცდური კასტა,
ერთი გზა ღმერთთან გაწონასწორებს,
ხოლო მეორე გამრუდებს მასთან...
გინდ ავი გარქვან, გინდაც ტარიგი,
(სულს მიათრევდე თუნდაც წვალებით),
სახელისაგან გრჩება თარიღი: _
დაბადების და გარდაცვალების...
და თუ სავალი ოფლით გათელე,
სათნოებაზე არ თქვი უარი,
გვირაბის ბოლოს თუ სჩანს ნათელი,
ფორთხვით მიაღწევ, ბიჯით თუ არა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →