შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ვარდბულბულიანი

სავარდეში მწიფე მიწის
სურნელია,
სად ღამეთა დაგიცია
ბანაკები.
შენი გული სიყვარულის
მსურველია,
ენა შენი - სამიჯნუროდ
ანაყეფი.

მღერი - მგონი, ამომღერამდე
სულ ბოლომდი,
ზურმუხტებში ვარდი ისე
ძოწისთვალობს...
მაგრამ ქარი რად ქირქილებს,
გულბოროტი:
სთველი ესე ვერასოდეს
მოისთვალო!..
თითქოს სული ტრფობის ალით
კი არ იწვის -
შეშლილობის სენით განუ-
კურნელია,
და სურნელი, ასე მძაფრი,
მწიფე მიწის -
ბედისწერის მომწამვლელი
სურნელია...
თითქოს ჰანგი აღვივებდეს
განა შენი, -
ვარდის კოცონს სხვა ვნებებით
ებურბუროს...
რად ქირქილებს ქარი, როგორც
განაჩენი:
შე ფრთიანო,
შე ცისაო,
შე ბულბულო!..
Laravel
წყარო: http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=12114

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →