ჩანაწერი
Laravel
* * *
***
ჩემი დაფარული სახის შესახებ არაფერი ვიცოდი.
ქარი რომ მობრუნდა,
ისიც მოჰქონდა.
* * *
ესეც ელვაა.
ბაგიდან მომწყდარ სიტყვასავით
გავკრთები ცაზე.
* * *
კრეტსაბმელივით ცა რომ
შუაზე გახიო,
თუ არ უნდათ
არ შეგამჩნევენ...
* * *
ჩემი შემქმნელი
მარტო იყო,
ჩემი ქმნილებაც მარტობაა.
***
დრომ ფრთა შემომკრა
და წამიღო
ვინ იცის საით?!
არსად გამოჩნდა ერთი სახლიც,
რომ შეესვენა...
* * *
ისინი წინ მიდიან,
სულ წინ.
არ არსებული მხარეებისკენ.
აქ სუნთქვა შეწყვიტეს.
ამაზე მეტყველებენ
ზეცის დაორთქლილი
ფანჯრები.
***
ნუთუ სულ ესაა ჩვენი
ცხოვრება?
ერთმანეთს მივაცილებთ...
***
მომდევნო ცამდე
მიიყვანე,
ვინც მიგყავს ახლა.
* * *
არქიპელაგივით მოვწყდი
სამყაროს.
თაყვანი ვეცი ქვეყნის აღსასრულს.
***
ჩემი მდუღარე სუნთქვა ცვლის
ასფალტს,
თქვენ სწორედ მასსზე
ახლა გაივლით.
***
პატარობისას საქართველოზე ლექსების
წერა მიყვარდა,
მეგონა, ისიც ჩემთან ერთად გაიზრდებოდა...
* * *
თუკი ცრემლები დამეღვრება
მიუსაფარს, სიზმრის კიდეზე.
მე მეთვალყურედ არ მინდა ღამე.
***
მივდივარ სიხარულის
მიმართულებით.
ყველა ანაბეჭდში
ამოიკითხე
ხვალ! ხვალ! ხვალ!
* * *
გიჟი ეგონათ და გამოეკიდნენ...
ის ღიმილით თვალს კი არა,
ცას მიეფარა...
***
აი, ამ მზეს
ამოვყვები
ხვალ დილითაც...
***
რომერის ფილმში გამოჩენილი
ქუჩა ვარ თითქოს,
რომელიც შემდეგ მე პარიზში ვერსად
ვიპოვე...
***
რომერის ფილმის ფინალს მოვგავარ
სად ყველაფერი გარკვეულია,
და სწორედ მაშინ
იწყება ფილმი...
Laravel
კომენტარი
0