შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გადარჩენილებს

თუ არ აგვივსეს მძლავრ გრძნობებმა გული და სული,
თუ არ დაგვათრო სიხარულმა ან მწუხარებამ,
თუ არის ყოფნა არყოფნასთან ზიარებული,
მაშინ, მიგვრეკონ საფლავებთან, დროა, ქარებმა.

რა ვუყოთ მერე, თუ მწარეა დღეის სასმისი,
თუ არ გვინახავს მსუბუქებაც ჩვენ დიდი ხნიდან,
ყოფა გაქვთ მძიმე, მტანჯველი და გაუსაძლისი,
გტკივათ და მაინც მთელ ამ ტკივილს უშიშრად იტანთ.

შორია თქვენთვის ნაპირები ბედნიერების,
შორია თქვენთვის დამშვიდება და მოსვენება,
მაგრამ შორია მინავლული ხმაც ცოცხალ-მკვდრების,
ყოფნა ჩუჩელად, საფრთხობელად, ლანდად, ჩვენებად.

თქვენ მოგაყენათ ამ ცხოვრებამ ბევრი ზიანი,
არ გაგიმრთელდათ ჯერ კიდევაც მრავალი წყლული,
მაგრამ გადარჩა თქვენში სახე ადამიანის,
სახე, ისევე მზიურ ნათლით გაბრწყინებული.

მრავალ ბედნიერს, სიტკბოთი მთვრალს, მაგრამ უსახოს
მოენატრება თქვენი ყოფა დაუძრახველი,
არსად იქნება სხვამ კაცს კაცი რომ დაუძახოს
და მასთან ერთად არ ახსენონ თქვენი სახელიც.

არაფერია ქვეყანაზე მარადიული
და ნურც ამდენი შეგაშფოთებთ ვნება-იარა,
ადამიანად გადარჩენა გზაა ღვთიური
და ტანჯვა, მხოლოდ ტანჯვა გვაქცევს ადამიანად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →