შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ძველი ოთახი

ძველი ოთახი დამწუხრებულა,
თითქოს დაღლილა ამდენის ნახვით,
ჰაერიც მძიმეა მასში,
ხნიერი კედლებიც...
ფიქრობს ოთახი, დიახ, ის ფიქრობს...
ამას ვერ იგრძნობთ ახალ სახლში, არ აღიქმება;
მას გადაეცა გრძნობა და გონება სულიერთაგან,
ვისაც მასში უცხოვრია და ისიც
ფიქრობს, იხსენებს. . .
აი, ცოლ - ქმარი დაბრუნდა ისევ სხვა ქალაქიდან,
დიასახლისი ვაზას ყვავილებით
მაგიდის შუაგულში დგამს,
ბავშვი ცელქობს, კატა დარბის,
ფანჯარაში მზე იმზირება,
რაღაცას უღიმის.
მერე სულ სხვა დრო, ბევრი ხალხი,
მდგმურები, ხშირი სტუმრები;
ხანაც ქეიფი, დროსტარება,
ხანაც ჩხუბი, ხანაც ალერსი. . .
ისევ სულ სხვა დრო. . . ვიღაც მარტოა
ის და ოთახი.
ხან თავის მე-ს ესაუბრება,
ხან კედლებს, ფანჯრებს;
ან სულაც ვინმე შემოუვლის, ან თვითონ წავა
მთელი ღამით ან რამდენიმე დღით.
მერე კიდევ სხვა..
ოსევ ოჯახი. . .
და უხუცესი წევრი, მოხუცი,
რომელიც ოთახის კედლებს არა სცილდება
და იხსენებენ სულ ძველ ამბებს ის და ოთახი. . .
ჩუმად ერთმანეთს უზიარებენ,
რადგან სხვა არავის სცალია მათ მოსასმენად
და მერე ისევ მარტოა ძველი ბინა, ძველი ოთახი,
იგი აზროვნებს, ემოციაც აქვს, ფიქრობს და ფიქრობს,
შეძენილ - შენახულ ინფორმაციას ატრიალებს გონებაში
და თუ ძველი პიანინოს კლავიში აჟღერდა,
მაშინ ცოცხლდება
და სუნთქავს მის ბგერებთან ერთად. . .
საოცრად სევდიანია ძველი სახლი,
ძველი ოთახი,
თავის კედლებში ნაგროვები
ემოციებითა და ამბებით;
ოთახმა იცის,
ოთახმა ნახა. . .
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →