შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მიყვარს...

მცირე, თან სავსე, მსგავსი ანდაზის-
მე მიყვარს ჩემი პატარა კერა!
სადღაც, კუთხეში, ბებოს ლანდი ზის
და ჩემთვის ლამაზ მოსახვევს კერავს.

მე თონეც მიყვარს- ,,ჩემის ხანაა"
და ჯვრიანებიც, ჩაკრული,- დოხნის...
ჩემს სახლის უკან დიდი ყანაა
და ბაბუს ლანდი იმ ყანას თოხნის...

ვაზიც კი მიყვარს, ის, სამწლიანი,
ალადასტურის- ბებოს იმედი!
ჭიშკარიც მიყვარს და სამთვლიანი-
მიტოვებული ველოსიპედიც!

აქ მზესაც ვეტრფი და ჩრდილს, რომელიც
დამყვება... მიყვარს, სმა,- კაკლის ,,წამლის"...
ჩვენი სახლის წინ- საჩრდილობელიც
და ბიძის ლანდიც- ვენახს რომ ,,წამლის".

ო, როგორ მიყვარს, მე, ეს ფანდიც, ცის
და როგორ- ჩემი ჭაღარა კერა...
აქ, ყველა კართან, ბებოს ლანდი ზის
და ჩემთვის ლამაზ მოსახვევს კერავს.

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →