შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

გურჯისტანშიც ეფენდი

●

(ჩაიხანა.
ცა-ლაზეთის...
ქარიშხალი გმინავდა...)

,,-იქაც იყო ქარიშხალი?"
,,-რა ამინდი! ეჰ, ფინთი...
ცოტა შევთბე, ერთი ჩაიც... სანამ ცეცხლი მინავლდა...
ქარი ქროდა... ქარი ქროდა გურჯისტანშიც, ეფენდი...

შავი იყო, ხან მზიანი...- ცას ერია ლურჯები...
თლიდა, თლიდა და დიდედა ხურმის ფარდებს აფენდა...
გულის ჯიბე ამოვივსე წმინდა მიწით, გურჯების!"
(თბილ ღუმელთან სიტყვას ცვლიდნენ ლაზია და ეფენდი...)

,,-ვნახე, ხალხი... ჩვენი ხალხი...ის მინდვრები... ბალახი...
ვნახე ტყენი... კოპიტები...- ვით არხევდა ურჩი ტანს...
ბაბაც ვნახე, მოტეხილა, შეეწიოს ალლაჰი!"
,,-ნეტავ, მალე გადავიდე, მეც, ლაზია, გურჯისტანს..."

,,-ღამით მიწაზე ვიწექი, ცას ვუცქერდი მოოჭვილს...
თიანიკეს ვივიწყებდი- სიტყვას ვტეხდი ლაზების...
აქ, ვით დედა, ახალბედა, ხამს, დღეების, მონობს ჩვილს-
იქ ერთურთს ემონებიან გურჯები და ვაზები..."

(გარეთ ძრწოდა ქარიშხალი, გაყმუოდა ,,ტოტია"...
ჩაიხანა, ახლა, ჰგავდა ღვთისმოსავის კელიას...)
,,-იქ ლაზების სიყვარული, ძველებურად თოთოა!
იქ ყოველთვის შენად გთვლიან, იქ ყოველთვის გელიან..."

,,-იცი, ანნე, რომ დავწერე გურჯისტანზე მე ლექსი?-
,,ჩემნი ცრემლნი საქართველოს მონატრებით წვეთავენ..."
ყურს უგდებდა მათ საუბარს, ტიტინებდა მელექი...-
,,-გავიზრდები და გურჯებში გადავიდეთ ჩვენც, ანნე!"

(ჩაიხანა.
ცა-ლაზეთის...
ქარიშხალი გმინავდა...)
,,-იქაც იყო ქარიშხალი...
რა ამინდი! ეჰ, ფინთი...
იქაც იყო ქარიშხალი, იმსხვრეოდა მინა და
ქარი ქროდა... ქარი ქროდა გურჯისტანშიც, ეფენდი..."

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →