შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

წამოდი

წამოდი დროზე, რომ ხეები გაშიშვლდნენ
და მერე სულ ყველა ადვილად შეგვამჩნევს.
წამოდი, წამოდი, წამოდი მთაში და
ფიფქებს შევერიოთ, მთის ფიფქებს მე და შენ.

წამოდი სადამდეც ვიტვირთავთ ერთმანეთს,
ერთმანეთს მოვუყვეთ ჩვენზე ბევრი რამე.
ღმერთები გვლოცავენ, წამოდი ღმერთმანი,
ვათიოთ ზამთარი ქოხის წინ დილამდე.

ხომ ხედავ, საყვითლო სჭირს ქალაქს, ისედაც,
ჭლექი და რამდენი გზები აქვს უხალხო.
წამოდი, გავასწრათ, გვშვენის და გვიხდება
ერთურთის ფერება, თოვლი და ბუხარი.

ამ შიშველ ნოემბერს, უქუდოს, სველთმიანს,
აღარ აქვს ჩვენი და ფოთლების ატანა.
იქ, მთაში წავიდეთ, იქ როგორ გველიან
ლექსები, რომლებიც უჩვენოდ ათენებს.

წამოდი, ცოტახნით და თუნდაც გვაფიფქოს,
ფიჩხი და ბუხარი, ლექსები და სითბო.
ღამ-ღამე ლამპასთან წიგნები გავფინოთ,
ლექსები ვიკითხოთ, თვალები ვიკითხოთ.

აქ კი როგორც უნდა იმ დოზით გაყინოს,
უბანი ლოთების, ქუჩა და ქალაქი.
ჩვენ გვქონდეს სითბო და თან გოზინაყივით
მივირთმევთ ერთმანეთს - არასდროს ღალატით.

წამოდი დროზე, რომ ხეები გაშიშვლდნენ
და მერე სულ ყველა ადვილად შეგვამჩნევს.
წამოდი, წამოდი, წამოდი მთაში და
ფიფქებს შევერიოთ, მთის ფიფქებს მე და შენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →