შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ATRIUM

როცა ყველაფერი
თითქოს სულერთია,
ჭიქის სიმსუბუქით,
ლურჯი, პორცელანის,
ჩნდება საღამო და
მბორგავ სულს ერთვიან
მთვარის გრადაციის
მავნე მოვლენანი.
იწვის შუაღამე.
სიზმრის პნევმონია.
ქრებიან ქიმერის
თვალებში ალები,
მე ვიცი, რომ ფრთები
არასდროს მქონია
მე ვიცი და მაინც
ღია მაქვს ფანჯრები...
მიდის შემოდგომა.
სრული ანშლაგია.
ყვითელ ეშაფოტზე
ადიან ხეები
და მიზანსცენაზე
მკრთალად ალაგია
მოქმედი პიესის
ნახატი დღეები.
ფარდის მონოლოგი.
ლექსის ასტროფია.
ღეჭავენ სინათლეს
ჭაღებში სანთლები,
მე ვიცი, რომ ფრთები
არასდროს მქონია,
მე ვიცი და მაინც
ღია მაქვს ფანჯრები.
Laravel

კომენტარი

1
ცოტნე არჩვაძე
ცოტნე არჩვაძე პოეტი, ფილოსოფოსი დონე 1 · ახალბედა 4 წლის წინ
დიდი პოეტი ხართ, ნინო 💖
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →