შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

Გამიშალე ხელისგულები

გამიშალე ხელისგულები
მე ზღვას ჩაგიღვრი ოდნავ ტალღიანს
და მლაშეს, როგორც ჩემი სიზმარი.
შენს ხელსგულზე აღელდება ტალღების ზვირთად
და მოგიყვება, როგორ ჰგვანან ფეხმძიმე ქალებს
მდინარეები,
ქვირითით სავსე.
ჩვენ ერთხელ ზღვიდან ამოგვიყვანეს
და ამიტომაც მუდამ გვინდა, რომ ისევ ვყავდეთ
ჩვენს დიად დედას და მის მკერდზე
მოციმციმე შუქის ათინათს
ვსვამდეთ რძესავით .

თევზის თვალებში დაგინახავს სიკვდილის შიში?
თუ გისმენია როგრ მღერიან ლაყუჩებიდან სიჩუმის ფუგებს?
ან თუ გინახავს, როგორ ცდილობს აფრენას ჩიტი,
რომელიც კვდება,
ხოლო მის ფრთებს კი , ცით მონათლულებს
ისრუტავს ხარბად მიწის სიგრილე .

იგრძენი ტანით მზის შეხება წყლის ზედაპირზე
და წამით როგორ ირინდება სივრცე ალერსით,
როგორც პირველი ქალი- ევა, ჯერაც ქალწული,
როცა ადამი ვნებით კოცნის მის ლურჯ ხავერდებს.

შენ შეგიძლია ხელისგულზე დაიტიო ზღვა და ხმელეთი,
შენ შეგიძლია ცის სიღრმესაც ხელებით მისწვდე
და მასზე მცურავ თოლიების თეთრ ბუმბულებში
ამოისუნთქო, რომ მოგშორდეს სიშორის შიში,
სიმაღლის შიში, შიში სიღრმის, ყოფნის, არყოფნის
და დაემსგავსო ახალგაზრდა ღმერთს, თვალნისლიანს,
ჩვილი სამყარო რომ უჭირავს ბავშვივით ხელში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →