შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მწარე შვილები

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მწარე შვილები

საცაა, გული გაგისკდება,
ვიღაცის წასვლით ანდა მოსვლით,
რაიმე შიშით,
სიმამაცით,
უბედურებით,
ბედნიერებით,
ომით,
მშვიდობით…
სულერთი არის,
გამსკდარი გული - გამსკდარია.

განა ცოტაა გულგასატეხიც,
ზოგჯერ მიზეზი არ დაგჭირდება.
ამის მერეა, რომ თუ გადარჩი,
გაგისქელდება ნაწიბურები,
გიფეთქავს გული ზომიერად,
ცოცხალი ხარ და შეგეხედება,
სამაგიეროდ,
გულგრილი და
გულცივიც გახდი.

ყველა გულცივი - ადრე, წარსულში,
მოსიყვარულე-გულ-გამტყდარია,
რომელსაც ყოფამ უსამართლო ხელი დარია,
ყველა გულცივი -
გადარჩენილი ცოცხალ-მკვდარია,
ყველა გულცივი - ახლა უკვე შეუმცდარია.

დაბადებით კი
ყველა - შეცდომის შვილები ვართ,
სულ ახალ-ახალ შეცდომებზე დაგეშილები,
ჩვენ ვართ შვილები.
წელშეზნექითა და დიდი მუცლის გამობზეკით დამტარებელთა გაჩენილები
თუ მწველ ზაფხულში საწვიმარქვეშ ცხრათვიანი მუცლის მფარავთა -
ერთად გვირგვინქვეშ შეუსვლელთა,
შაბათისა თუ ამომსკდარი ვნების ნაყოფნი,
ჩვენ ვართ შვილები!
ჩვენ ვართ შვილები და რახანია,
აღარ გვესმის სხვების კვნესა და ჩივილები.

ჩვენ ვართ შვილები - დაულოცავად დარჩენილები
თუ ხმამაღლა დალოცვილები,
ქვეყნად ყველაფერს და არაფერს ვემორჩილებით არ-გულჩვილები,
გულგრილები,
ჩვენ ვართ შვილები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →