შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბრუნვა

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბრუნვა

ერთი - ამბობდა - ჩემია! მეორე - ამ დროს დუმდა,
ჰოდა, უწევდა დათმობა, მოხარშულთა თუ უმთა.

ერთმა სასახლე ირგუნა, მეორემ - რაღაც ქოხი,
ერთს შეხვდა პირის ფარეში, მეორეს - ოყა თოხი.

ერთს - უხვად ჰქონდა ყოველი, მეორეს - უხვად - დარდი,
მინუსია თუ პლიუსი, ტოლია მილიარდი.

ერთის - სულ ენთო სანთელი, მეორესი კი - ჩაქრა,
მაგალითია მრავალი. მე დავამატო აქ - რა!

ერთით - ხარობდა მრავალი, მეორით - მარტო დედა.
სხვისი სჯობია შენსასო, თქმა ვერვის გაებედა.

ერთად - მე რად არ ვიშვიო, მეორედ ვიყო?! - არა!
- ქარს სდევდა მთქმელი ამისა, ქარითაც მიიქარა.

ერთო, გეყოფა სიხარბე, მეორევ - კმარა შრომა -
ნიადაგ ოფლიანობა და პირზე ოფლის შრობა!

სიცოცხლე სურდა ორივეს, გული - ვერ დაუოკდა.
სხვადასხვაგვარად იცხოვრეს?! - ბოლოს ორივე მოკვდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →