შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ტავერნა. მოგზაურისა

ნინო დარბაისელი

ტავერნა. მოგზაურისა
- - - -

უთენიისას ტავერნის კართან როცა მივიდა,
ღამისთევის და
საუზმისა და
ცივი საგზლისთვის
როცა გროშები გადაუხადა მასპინძლის ბიჭსა,
ჯერაც თვალებს რომ ზანტად იფშვნეტდა და ზრდილობისთვის უღიმოდა,
სთქვა მოგზაურმა:

- მისმინე, შვილო,
ერთი ლუკმა და
ერთი ყლუპი და
ერთი გროში კი
სადაც წახვიდე, სულ თან ატარე!
ცოტა არის თუ ბევრი არის,
შენი სამყოფი მიმავალმა - წაიყოლიე!

იმ ქვეყანაში,
მოკრძალება სადაც ღირსებად კი არა და უძლურებად მიუჩნევიათ,
თავი არავის წაუხარო,
თორემ ზურგზედაც მოგახტებიან
და “აჩუ ცხენოს “ ძახილით მერე სახრესაც მწარედ გადაგიჭერენ,
“აჩუ ცხენოდან” - “აცე ვირომდე”კი
ერთი,
მოკლე გადაკვრაა..

ჰო, დედამიწა - მრგვალია და
ჭრელია და
ათასგვარია.
ერთი საქმისთვის - ერთგან
ოქროს ტახტს დაგიდგამენ,
სხვაგან - სიკვდილი არ აგცდება.

თქვა და წავიდა.
წუთით უცქერდა პატარა ბიჭი შორს მიმავალის გაცვეთილ ზურგს,
მერე შიგნიდან გამოსძახეს
და უფროსებმა სადილაო საქმეს შეაბეს.

ის - მიდიოდა.
დილის ნისლი კი თანდათანობით იკრიფებოდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →