შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

თავნატირალი - გიორგი ლობჟანიძეს

თავნატირალი

#ლექსები
ვიპოვე და ფინალზე ძალიან ვიხალისე.
როგორ ჩანს ჩემი პიროვნული ხასიათი!

არ მახსოვდა, სერიოზულად დავიწყე კითხვა და ვიფიქრე, რა უბედურებაა ეს! რა ვაი- ვუი ამიტეხია-მეთქი და ფინალში გადავყირავდი.
რომ დავწყნარდი ბოლოს, მივხვდი, კომპოზიცია მომიფიქრებია ასეთი - მაქსიმალური გრადაცია და მერე ტვისტი ნახტომში????????????

ვინც ლექსმცოდნეობით ტერმინებში ვერ ერკვევით და არც უნდა ერკვეოდეთ, მათთვის ასე ავხსნიდი:
- აი, მთის მთლად წვერზე რომ ახვიდე, დადგე და მერე უცებ თავით, ტრიალ- ტრიალით გადმოეშვა.
კიდევ რა უჭირს, თუ დაბლა წყალია და თან ცურვაც იცი????????????

Giorgi Lobzhanidze

ნინო დარბაისელი

თავნატირალი
- - - - - - -
(გ. ლობჟანიძეს)

ვაი სათქმელო, მოგვიანე გამვლელებისთვის ამაოდ გაწვდილ ხელისგულზე დადებულო,
ხან კონტექსტიდან სადღაც, გაღმა გადატანილო;
ანაგრამებო, მილიგრამობით ნაწვეთებო და ლექსებში დამარხულებო!

ვაი, სიტყვებო,
ჩემს ლექსამდე არარსებულნო,
ჩემი ნაკვნეტი ენის წვერზე დაბადებულნო!
ეპითეტებო, მოკვიმატო მეტაფორებო; თქვენ გაწეწილო რითმებო და მონორითმებო!

ვაი, ბგერებო,
ვაი, სუნთქვავ და შეგუბებულო სიჩუმეებო, ერთმანეთთან, როგორც შემეძლო, ისე შერთულ- შეხამებულნო!

ვაი თქვენ, ჩემო სტრიქონებო,
ბავშვობიდანვე ნაზომ-ნაწონო,
და უფრო კი,
ვაი თქვენ, მთელო სტროფებო და სტროფოიდებო, ჩემგანვე ცივად გადახზულნო,
ლექსმიღმა, ხრამში ჩაჩეხილნო,
სულ იმის გამო, რომ ზოგჯერ რაღაც, თქვენზე მცირე თქვენზე მეტად და უმჯობესად მეჩვენებოდა.

და ვაის-ვაი, შენ - მკითხველო გზაარეულო, ჩემ კარს მომდგარო,
პეშვი წყალიც რომ ვერ შეგასვი ლექსისთვის მაშვრალს და ამაოდ ჩიტის მწველავმა დასაპურებლად ხმიადიც რომ ვერ მოგიძიე;

და კიდევ უფრო ვაის-ვაი, შენ მკითხველო წარმოსახულო, თურმე ჩემთვის არგაჩენილო და არყოფნაში ჩარჩენილო!

და ვაის ვაი და ავაჰ-მე უშველებელი! - შენ, თავო ჩემო, შე საწყალო, რომ წერაზე ამაოდ დაშვერ!

და ახლა, როცა წყალ-მეწყერსაც გადაუვლია, ხავილისაგან ყელამოჩხაპნილ თავს ვუღიმი მრუმე სარკეში.

მე და საწყალი?!
არ შეიძლება გულში მეტი დარდის შეშვება,
ფეხზე ვიკიდებ ამ ყველაფერს.
რა ადვილია -
ფეხზე ვიკიდებ - გულზე მეშვება!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →