შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ფეხი. პეკონი. ჰაიკინგი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფეხი. პეკონი. ჰაიკინგი

დამოიდარა.
მზეა თითქოს,
მაგრამ მაინც ქარნი - ქარობენ.
თოვლი - დნება და მიწა - რბილდება.
უკვე მომწყინდა უქმად შინ დება,
წყვილი აქ - მარტო - არ შეშინდება,
გამომსვლელები - ჯერ გამოსვლას არა ჩქარობენ,
ფოთლები - ახლადგამომშრალები ფეხქვეშ ჩქამობენ.

ტყე რომ ცოცხლდება, თავსაც გადირევს.
ჯერ კი ბუნაგში ნაზამთრალებს სძინავთ ნადირებს,
სიმშვიდე შარდის სუნმა არია,
მე გეუბნები:
- ნაირმალია,
მერქნებს ეტყობა,
ირმები სადღაც,
ახლოს არიან,
შვილი - ნელია, სამალია, დედა - მალია!
გამხმარ ტალახში გამოიცნობ იმათ ფეფუკებს და ციყვის კუდიც -
უეცარი - მაღნარებში გაიფაფუკებს.
ბილიკზე - მკვდარი ლურჯი ჩიტი ხის გეგონება,
შენ მეუბნები: - ხელი არ ახლო!
ამ დროს მჩვევია შენი სიტყვის არგაგონება
და ჯოხით ვმარხავ რბილ მიწაში, ბილიკთან ახლო.

ნეშოში ყრია დამტვრეული აქ პეკონები.
შიგ - ერთ მთელს ვეძებ,
ძველ მოლაშქრეებს მივსდევ გონებით,
შენ - გეღიმება, გართობს ვიღაცის მონაგონები:
- რა - პეკონები და გვირგვინად - ხმელი კონები!
(კიდევ ცოტაც და ვერ მოვითმენ, ჩაგეკონები!)
- სუვენირებშიც ასაღებენ, უჭირთ - ფულია!ვერ იშოვიან? - ეს ბიზნესიც დაღუპულია…
და ასწრებ მხოლოდ, დამიძახო:
- მოლიპულია!
…

წამომაყენებ.
ღონიერ მკლავზე
ნდობით სავსე ჩამოგეყრდნობი,
გავტოპავთ ტალახს - ძლივსგადასალახს.
ვიცი, ჩამიყვან ბილიკის თავთან
და გზაც გათავდა!
შორს ხომ არა ვართ, ხალხი დაგვხვდება.
შენ მეუბნები:
- ცრემლიც გიხდება!
მე გეუბნები:
- რას იზამ, ხდება!
არც პირველი ვარ მე და არც ბოლო.
კი ვერ ვიპოვე, რომ მეჭამა პეკონ-სიმბოლო,
რაც მთავარია, კარგად გადავრჩი.
აი, პეკონი რომ მეპოვა, რომ გამეტეხა და შემეჭამა,
განსაცდელამდე რომ მომესწრო - ერთი პეკონით…

ფეხშეხვეულზე გეტყვი მერე
დაწყნარებული:

- ნუ მიენდობი მთის მდინარეს,
ზაფხულობით ძლივს რომ მოწვეთავს,
გაზაფხულობით - მთაში როცა თოვლი დადნება,
აღარ დადგება,
ჩქარი დინებით ნაპირები გაიტლიკება
ერთსაც იწვიმებს და
და მის გრუხუნში ჩაიკარგება
შიგ ჩადენილი ნაკადულების და წყაროების ალიკლიკება.

ესეც - მოთელვა,
ვიკმაროთ ელვა,
დასანახი ხომ დანახულია.
და დასამარხიც - დამარხულია.
წინ - დიდი დროა,
ჯერ ადრიანი გაზაფხულია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →