შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ფიქრი დანტეს ნიღაბსა და პალაცო ვეკიოზე

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფიქრი დანტეს ნიღაბსა და პალაცო ვეკიოზე

გარეთ ისევ ქარია, ჭყაპია და მარტია,
მაგიდაზე - ჩაია, ხილიანი ტარტია,
ღვინო - არ დაილევა, მწკლარტეა თუ მწკლარტია.
ფონად მაინც რა ისმის?! - ძველია, მოცარტია.

ხელოვნება მოკვდაო, დიზაინი - არტია,
არტისტობას იჩემებს, სადაც ვინმე სმარტია.
დაიწუნებ ვერაფრით, სტანდარტული სტარტია,
მადა მოდის ჭამაში, ისეთი აზარტია.
რა დროს - კვდომა ავტორის, რაღა დროის ბარტია!
შეშლილია მსოფლიო - ყველა ბონაპარტია!

ნინო - არც ქართველია და არც ემიგრანტია,
აყვედრიან, გმოსავსო შენ მენტორის მანტია.
რა მწარე ნათქვამია, რა ბასრი ნისკარტია,
ამის მთქმელი, იცოდეთ, თვითონ - კაი ბღარტია,
მორს ვერ ხედავს თავისას, სხვის ხიწვს?! - ოჰო, სხარტია!
შენთვის რაც სიცოცხლეა, მისთვის - ვარიანტია.

დანტეს თქმისა არ იყოს,
ვუკილივარ ავ ენას,
ფლორენციის ნატრული მარტო შევრჩი - რავენას.
სიკვდილია სიცოცხლის ბოლო დანარეკიო,
დაგრჩეს ჩემი ნიღაბი, შენ - პალაცო ვეკიო!*
პოლიტიკაც თან მომყვეს, ვის რად უნდა ქარტია!…

ხომ არ შევქმნა ნეტა მეც “საკუთარი პარტია”**?

- - -

* ფლორენციაში, “პალაცო ვეკიოში” დანტეს სიკვდილისშემდგომი ნიღაბია.

** “სიმარტოვეში საკუთარი პარტია შევქმენი” - დანტე ალიგიერი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →