შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ვულგატა. მოსე

ნინო დარბაისელი

ვულგატა. მოსე

რა შუაშია მოსესთან რქები,
ჩემო მტანჯველო,
მარმარილოთი რომ უკვდავჰყავ, მიქელანჯელო?

სად - სინაის მთით ჩამოსულის გზა - არა-მალი და სხივმდინარე სახე მისი
ნაჭრით ნამალი,
რომ დაეფარა იმ ნათების
რამ ნატამალი,
სად კიდევ - რქები,
მთლად ურგები და
რქების გამო არაკები საუკუნეთა ნარაკრაკები?

ბიბლიის სიტყვა ყველა ენით ცისკენ ადისო…
აი, შეცდომა ვულგატისა სამარადისო:
ვულგატის მთარგმნელს ნათლის ნაცვლად ამოუკითხავს ორიგინალში - რქები ჰქონდაო,
ამის წამკითხავს გული როდი დაგიღონდაო,
ან თავი როდი დაიღალე ვინმესთან დავით,
ვულგატას ენდე,
სხვაფრივ მუდამ სხვებთან მედავი,
გეთამამები მონატრული შენი დასავით:
-წიგნში ეწერა, ხომ არ შეცვლიდი შენ წმინდას - ავით?!
კარგია, რქები არ დაადგი - ქორბუდასავით.
და გააოცე ნაქანდაკარის დღემდე მხედავი,
კითხვა აწუხებს გაბედული თუ გაუბედავი:
ძეგლს რა ეშველოს, ხომ გასწორდა თარგმანი მცდარი!
(მის დამწუნებელს დე გაუწყდეს უწინამც დარი!)
ვიცი, იპობა შედევრის ხილვით სულის წყვდიადი,
და მაინც, რარიგ სასტიკია ზოგჯერ - დიადი,
თან ხომ რქიანი დაგვიტოვე დღემდე შენ მოსე,
თან - მარმარილო - უკვდავების ნათლით შემოსე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →