შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

პომადა

ნინო დარბაისელი

პომადა

ასე რატომ დავიჭყანე უცებ,
ვაშლი შემხვდა უცებ მე ჭიანი?!
საყვარელსაც - საყვარლობას ვუწევ,
სულ არა ვარ მასზე ეჭვიანი.

მისი მოვლაც ყოფას მიხალისებს,
თორემ კაცი სხვაგან სად არაა.
გასარეცხად ვახარისხებ მისებს…
საყელოზე - ეს პომადა - რაა!

ვურეკავ და არ პასუხობს ზარებს,
მესიჯს ვწერ და წამკითხავი არ ჩანს.
რომ ხედავდეს, პასუხს დაიზარებს?
იქნებ სადმე, სამსახურში დარჩა!

ახალგაზრდა არ ჩანს, ბებერია?
ვინღა ისვამს პერლამუტრის ტონებს,
თანაგრძნობის განცდაც შემერია:
-მიიჩვევს და მასზეც იბატონებს!

ვინ უშველის გრძნობას - გადაცერილს!
ეგ მაკლია, დავეკიდო ბარგად,
მაცივარზე მივამაგრებ წერილს:
მეჩქარება, მე წავედი, კარგად!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →