შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ფლორენციაში დარდობს ნინოლო მაკიაველი

ინო დარბაისელი

ფლორენციაში დარდობს ნინოლო მაკიაველი



როდესაც ხდება აღზევება - ძირს დასანარცხის,
ფასი ერთია ნაყოფისა და ჩასაფარცხის.

როცა მძლავრობენ ქვეყანაში ავაზაკები,
რაღა დარჩება მართალისთვის აბა, საქები!

როცა ავაზაკს ავაზაკი წმინდანად რაცხავს,
წყალს მიაქვს უკვე ყველაფერი, ეკიდა რაც ხავსს

და როგორც წესი, ვინც მათ არ ჰგავს, ჰგონიათ მტერი,
შორს მოგისვრიან, არც ადარდებთ, თუ დაიმტვერი.

ღირან ერთურთად, სჯერათ, უკვე დაუდგათ დარი,
ორი აზრია: ერთი თავისი, მეორე - მცდარი.

არეულია საზომები ზევით თუ ქვევით,
ვინც მართალს ამბობს, ჩასაქოლად მისდევენ ქვებით.

ვის ენაღვლება ფლორენცია ან ბედი მისი,
ნამყო და აწმყო, ან როგორი მოვა მერმისი!

რა ჰქნა? უმწეოდ თვალი უნდა გარემოს ავლო?
ესეც - ქვეყანა უმოსავლო, უგამოსავლო!

რას დაეძებდი, ფუჭი ფიქრით გონს იმძიმებდი!
კვლავ ეძებს საშველს, ვისაც პოვნის შერჩა იმედი?

სასაცილოა, ამ დროს თავი გეგონოს კარგი,
დაგეკარგება, თუ შემოგრჩა რამ დასაკარგი.

უკვე ვერ ხვდები, რას აკლდები, რას ემატები,
როცა უძაღლო ქვეყანაში ყეფენ კატები!

როდესაც ხდება აღზევება - ძირს დასანარცხის,
ფასი ერთია ნაყოფისა და ჩასაფარცხის,
არ გაქვს იმედი არც ზეცისა, არც წყლისა, არც ხის,
გზაჯვარედინზე გზაა სამი - სამივე მარცხის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →