შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დახუჭობანა მალაკნების სასაფლაოზე

ნინო დარბაისელი

დახუჭობანა მალაკნების სასაფლაოზე
(მ.კ.-ს ხსოვნას)

ჩვენი საერთო გასართობი ასეთი იყო:
შენი სახლის წინ,
გაუქმებულ მალაკნების სასაფლაოზე,
იქ, ორმოებში ვთამაშობდით დახუჭობანას
და თამაშისას აქა-იქ ძვლებსაც ვპოულობდით,
თავის ქალასაც,
ამას ყველაფერს ჩვენ ერთ პატარა ნასაფლავარში ვაგროვებდით აღტაცებულნი.
ბევრს კი ვეცადეთ,
მაგრამ ნაპოვნი სხვადასხვა ზომის გამოგვდიოდა
და ერთი ჩონჩხიც ვერ აგვიწყვია.


ახალგაზრდობამ - მერე ახლიდან,
სულ სხვანაირად დაგვამეგობრა.
თითქოს ბავშვობა, ის საერთო, ის, ჰიჩკოკური - არცა გვქონია,
თითქოს ცხოვრება ან სულ ხსნილია, ანდა მსგეფსია.
თითქოს თამაშით გატაცებული გაჭირვებულნი
მოფარებულში ერთმანეთისთვის “ატანდაზე” არცა ვდგომილვართ,
ეჰ, რას არ იზამ, როცა გეფსია!

რას ვიცინოდით!
სულ ახალ-ახალ რაღაცეებს გვიგონებდი,
თეატრო ერთი აქტიორისა!
ო, იუმორი მხოლოდ და მხოლოდ
კეთილი გულის საკაზმია?!
ბოროტი გულის ნაცადი კი - სულ ცინიზმი და სარკაზმია!
.
შენ - ხალასი,
ჩვენ - სულ ხალისი!
შენ - მსახიობი გამოხვედი,
მე კი - პოეტი,
შენ - შენიანებს ადრიდანვე შეუერთდი,
უკეთეს ქვეყნად,
მე - შენზე ვფიქრობ ამ შუაღამეს,
ამა ქვეყნად,
- ამ კოშმარ-სიზმრით გაღვიძებული:

მამუ, ვიყავით მალაკნების სასაფლაოზე და დედაშენი - შავკაბიანი
დაგეძებდა,
სად წავიდაო,
გასაღები ტილოსქვეშ რატომ არა დევსო,
მე - დახუჭული ვიყავი და ოცამდე უკვე დათვლილი მქონდა,
შენ - დამალული - არ ინძრეოდი.
იდგა, იცადა, შეტრიალდა
და სულ სხვა მხარეს წავიდა დედა!

ჰო, საფლავებში დამალულები - შეიძლება იპოვო კიდეც,
“დაასტუკო”,
თავის ნებით კი არასოდეს არ ინძრევიან,
რადგანაც კაცი როცა ევნება,
ვიდრე მოუწევს გასვენება თუ დასვენება,
ნება - ყოველთვის სულს ედევნება.
რაა წასულთა მოწადინება,
აწ შენმა სულმა სიზმრად მოსვლა- ჩემთან ინება!

გათენებამდე ნეტა აღარც დამეძინება?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →