შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

პაპიდაჩემი

ნინო დარბაისელი

პაპიდაჩემი

ცხრა მთა, ცხრა ზღვაც გადალახო,
რას იპოვი საუაროს?!
ქმარმა - უნდა შეინახოს,
ცოლმა - უნდა მოუაროს!

გულში ბრაზი მოუვა როს,
ვინ მიხედოს ტყეს და ახოს?!
ცოლმა - უნდა მოუაროს,
ქმარმა - უნდა შეინახოს!

კაცმა ვინმე, სხვა მონახოს?
ცოლი დაამგლოვიაროს?
ქმარმა - უნდა შეინახოს,
ცოლმა - უნდა მოუაროს!

თვალით აღარ დამენახოს.
ცხრა მთა ნახოს, მოიაროს!
კაცმა - უნდა შეინახოს,
ცოლმა - უნდა მოუაროს!.

თითქოს მიზნად დამესახოს,
პაპიდაჩემს ვკითხავ, მაროს:
ქმარმა თუ არ შეინახა,
ცოლმა - მაინც მოუაროს?

მაგრამ აღარ დამემძრახა,
ალბათ უნდა ეს მაკმაროს:
ქმარმა რომც ვერ შეინახოს,
ცოლმა - უნდა მოუაროს!

მარო პაპიდ, სიბრძნე ეგე -
ძველია და ძველის-ძველი.
მეყო, უკვე გონს მოვეგე,
აღარც თვალი მინდა სველი,
აღარც ვინმე - მოსაწველი.
ან საიდან ვიღას ველი,
ან რა არის საკვირველი!
არც ბოლო ვარ, არც პირველი,
თავი მიჭირს მოსავლელი!
დაფურცლულა ყვავილნარი,
გადამკვდარა მთელი ველი.
მოსდებია ეკალ-ნარი,
არავინ ჰყავს მიმხედველი.
არც ცხოველი, არც ფრინველი,
არც მხოხველი, თუნდაც გველი,
აი დარდი - დამდაგველი…
საიქიოვ, ასე გველი?
გველი…

რაო, შავმა დედაბერმა?
არ აშორდეს -
ცუდი თვალით ჩვენს შემხედავს
ავი სიტყვით მახსენებელს,
და ავი გულით გამგონეს!
ფუი- ფუი- ფუი!
(სამჯერ - მარჯვნივ
და მერე
იმდენჯერვე - პირჯვარი!)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →